Covid-19-ით დაინფიცირებული წყვილი, ექვსი წუთის შუალედში გარდაიცვალა
- PLP Academy

- Apr 4, 2020
- 1 min read
ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დღიდან დღემდე იზრდება, თუმცა საბედნიეროდ, ასევე სწრაფი ტემპით იზრდება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი. ერთ-ერთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელიც ამერიკის შტატ ფლორიდაში მოხდა, ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული და მეტი სერიოზულობით დააფიქრა იმ საშიში და ფატალური შედეგების შესახებ, რომელსაც ახალი კორონა ვირუსი იწვევს. რამდენიმე კვირის წინ, სტუარდ და ადრიან ბეიკერები, სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ და თავს კარგად გრძნობდნენ. განუყრელი წყვილი, 51 წელიწადი იმყოფებოდა ქორწინებაში. პენსიაზე გასულ წყვილს, არ აწუხებდათ რაიმე სერიოზული დაავადება და არც თავიანთ ჯანმრთელობას უჩიოდნენ, თუმცა მარტის შუა რიცხვებში, თავი შეუძლოდ იგრძნეს. პროფილაქტიკის მიზნით, მიაკითხეს ექიმს, რომელმაც თვითიზოლაცია ურჩია, რადგან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოკვეთილი სიმპტომები. თვითიზოლაციისას, შედარებით უკეთ იგრძნეს თავი, თუმცა როგორც კი გაურთულდათ დამახასიათებელი სიმპტომები, საავადმყოფოს მიაშურეს. მამაკაცს ცხელება და ასთმა აღმოუჩნდა რის გამოც საავადმყოფოში დატოვეს, ხოლო მეუღლეს - ნება დართეს სახლში წასულიყო და გაეგრძელებინა თვითიზოლაცია. მათი შვილი ბადი ამბობს, რომ ის და მისი და, დღის განმავლობაში, რამდენჯერმე აკითხავდნენ მარტოდ დარჩენილ დედას და დისტანცირების სრული დაცვით ესაუბრებოდნენ - დედა სახლში, ხოლო შვილები სახლის გარეთ. 24 მარტს მამაკაცს ახალი კორონა ვირუსი დაუდგინეს, ხოლო ამის შემდეგ, საჭიროდ ჩათვალეს მისი მეუღლის შემოწმებაც. ადრიანს, ასევე აღმოაჩნდა ვირუსი. მისი ჰოსპიტალიზირებაც გახდა საჭირო და ორივე მათგანი, შვილების თხოვნით, ერთ პალატაში განათავსეს. მაქსიმალურად ეცადნენ პალატაში სრული კომპფორტი მოეწყოთ მათთვის, თუმცა 29 მარტს, ორივე მათგანი, ექვს წუთიან შუალედში, გარდაიცვალა. ბადი ბეიკერი აცხადებს, რომ მისი მშობლები მუდმივად ერთად იყვნენ და როგორც ჩანს, ვერც სიკვდილს მოეხერხებინა მათი დაშორება. სტუარდი 74 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე ადრიანი - 72. ეს ტრაგიკული მოვლენა მსოფლიოს, ბადიმ აცნობა და მოუწოდა ყველა ადამიანს მაქსიმალურად დაიცვან წესები, დაიცვან დისტანცია და ხშირ-ხშირად იბანონ ხელები, რაც პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი გზაა.




Comments