ქონებრივიუფლებები, მოვალეობები, ვალდებულებები - ეს ის ცნებებია რაც ყველა ქორწინებას ახლავს თან. ქორწინება ნებაყოფლობითი კავშირია, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს ცოლ-ქმარი, ხშირ შემთხვევაში, ასევე ნებაყოფლობით ინაწილებს, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თანაცხოვრებისას უფლება-მოვალეობათა გადანაწილება ხშირ შემთხვევაში, პრობლემებთან, უთანხმოებასთან ან გაურკვევლობასთან არის კავშირში. ხშირად იმის განცდაც ჩნდება ხოლმე ცოლ-ქმარს შორის, რომ ქონებრივი უფლება-მოვალეობები თანაბრად არ ნაწილდება და ა.შ.
ჩნდება კითხვა, არსებობს კი ჩვენს კანონმდებლობაში ისეთი რამ, რაც ცოლ-ქმარს შორის უფლება-მოვალეობების განაწილებას გაამარტივებს?
დიახ, არსებობს და სწორედ ამ თემას შეეხება ჩვენი დღევანდელი სტატიაც და მას საქორწინო ხელშეკრულება ეწოდება. რა არის საქორწინო ხელშეკრულება და რა არის მისი მიზანი?
მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, საქორწინო ხელშეკრულება ჩვეულებრივი და ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. საქორწინო ხელშეკრულება არის ჩვეულებრივი გარიგება, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს-მომავალ მეუღლეებს, აწონ-დაწონონ ყველა თავისი მოთხოვნა და სურვილი. ლოგიკური სისტემის სახით ჩამოაყალიბონ მათი მატერიალური და მორალური ვალდებულებები. ასევე, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ურთიერთობების გარდა, დამატებით ან სხვაგვარად განსაზღვრონ მათთვის ხელსაყრელი პირობები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულებით, შესაძლებელია განისაზღვროს მათი ქონებრივი უფლება-მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას, რაც იძლევა საშუალებას, სამწუხარო შედეგის დადგომის დროსაც კი, თავიდან იქნეს აცილებული მეუღლეებს შორის მწვავე ქონებრივი დავები, სასამართლო განხილვები და ა.შ. რა შეიძლება განისაზღვროს საქორწინო ხელშეკრულებით?
- თანაცხოვრების განმავლობაში, მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონება საერთო საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მეუღლეებს სურთ, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონება სხვაგვარად გადანაწილდეს, ამის დარეგულირება მათ - საქორწინო ხელშეკრულებით შეუძლიათ.
- საქორწინო ხელშეკრულებით, მეუღლეებს შეუძლიათ მთელი თავიანთი ქონება გააერთიანონ, რომელშიც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც ჩაითვლება (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან ამგვარ გაერთიანებაზე და თითოეულის წილობრივი უფლება დაადგინონ.
- საქორწინო კონტრაქტი მეუღლეებს ანიჭებს უფლებას განსაზღვრონ საოჯახო ხარჯის გაწევის წესი, კერძოდ თუ რომელმა რამდენი ხარჯი უნდა გასწიოს, რა შეიძლება იყოს მინიმალური ოდენობა, როგორი სახით უნდა იქნეს გაწეული ხარჯი და ა.შ.
- ასევე შესაძლებელია, განსაზღვრული ვადით შეიზღუდოს ესა თუ ის უფლება ან/და პირიქით გაიზარდოს. მაგალითად, ქორწინების პირველი 3 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალი იყოს ინდივიდუალური საკუთრება მაგ: ხელფასი, ხოლო 3 წლის მერე აღნიშნული უკვე თანასაკუთრებად იქცეს;
- საქორწინო ხელშეკრულება საშუალებას იძლევა ასევე დარეგულირდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შვილების შენახვა-პატრონობა. ანუ, განისაზღვროს ყოველთვიური თანხა, რომელიც დაეკისრება თითოეულ მშობელს შვილების შესანახად.
- საქორწინო ხელშეკრულებაში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს ის გარემოებაც, რომლის მიხედვითაც ერთი მეუღლის შემოსავლისუუნარობის შემთხვევაში, მეორეს მის რჩენას დააკისრებს. აღნიშნული პუქნტი, პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან მნშვნელოვანია პოტენციური დედებისთვის, რადგან ბავშვის გაჩენა და აღზრდა ხშირ შემთხვევაში ქალს ხანგრძლივი დროით ხდის შემოსავლისუუნაროს, რაც ხშირად ქალებისთვის დიდ სტრესთან და პრობლემებთან ასოცირდება ხოლმე. ამის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია ხელშეკრულებით კონკრეტული თანხის განსაზღვრა, რომლის ყოველთვიურად გადახდაც ქმარს დაეკისრება ცოლის მიმართ, ამ უკანასკნელის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში. როდი და რა ფორმით შეიძლება დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება?
- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მომავალ მეუღლეებს შორის, თუმცა ასევე შესაძლებელია მისი გაფორმება უკვე არსებული რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაშიც, ნებისმიერ დროს. - აუცილებელია მას ჰქონდეს წერილობითი ფორმა და დამოწმებული იყოს სანოტარო წესით. - ქორწინებამდე დადებული საქორწინო ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.
როდის შეიძლება შეწყდეს საქორწინო ხელშეკრულება?
-მეუღლეებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ აღნიშნული ხელშეკრულება.
-საქორწიო ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება განქორწინებისას, თუმცა ეს პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ საქორწინო ხელშეკრულებით გასნაზღვრული მოვალეობები, განქორწინების შემდგომ არსებობას არ აგრძელებს. შესაბამისად, ვალდებულებები, რომლებიც საქორწინო ხელშეკრულებაშია გაწერილი (მაგალითად ურთიერ-რჩენის ვალდებულება.) განქორწინების შემდგომ იმ პირობის დადგომმამდე აგრძელებენ არსებობას, რომლებიც მხარეებმა გაითვალისწინეს.
- იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება ბათილად იქნება ცნობილი, ქორწინების ხელშეკრულებაც ასევე ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული. საინტერესო საკითხი:
საქორწინო ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს დათქმები თუ რა მოხდება სხვა და სხვა ამორალური საქციელების შემთხვევაში. (ცოლ-ქმრული ღალატი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ა.შ.) მაგალითად, შეიძლება იყოს ასეთი დათქმა, რომ თუ ერთ-ერთი მეუღლე უღალატებს მეორე მეუღლეს, დაზარალებული მეუღლის წილობრივი მონაცემები თანასაკუთრებაში არსებულ ნივთებზე გაიზრდება...
საქორწინო ხელშეკრულებას საქართველოში 1997 წლიდან აქვს კანონიერი ხასიათი, თუმცა 23 წლის შემდეგაც, მიუხედავად იმისა რომ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით საქორწინო ხელშეკრულება „კარგად დავიწყებული ძველია“ და მისი არსებობა ორი ათას წელზე მეტს ითვლის (საქორწინო ხელშეკრულების ყველაზე ძველი მაგალითი კეთუბეხსი ( Ketubahs), რომელიც ებრაელების სამართლის მიხედვით დაქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა) სამწუხაროდ, ის საქართველოში ბევრი წყვილისთვის კანონის უცნობ ან თეორიულ ფორმულაციად რჩება. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მცირედით, მაგრამ მაინც, ყოველწლიურად მატულობს დადებული საქორწინო ხელშეკრულებების რაოდენობა.
და მაინც, რატომ უარყოფს ქართული ეროვნული ცნობიერება საქორწინო კონტრაქტს? იქნებ საჭიროა საზოგადოების მეტად ინფორმირება ამ კუთხით? იქნებ საჭიროა საზოგადოების დარწმუნება, რომ ქორწინებისას გარკვეულ საკითხებზე წინასწარ შეთანხმებამ შესაძლოა ბევრი უკმაყოფილება და უხერხული სიტუაციები აარიდოთ თავიდან მომავალში?
Comments